რა შედის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოვალეობებში?
შრომის უსაფრთხოების საკითხი ქვეყანაში კვლავ აქტუალურია. ამ თემით განსაკუთრებით HR მენეჯერები ინტერესდებიან.
გადავწყვიტეთ დაწვრილებით გაგვერკვია რა ფუნქცია-მოვალეობები აკისრია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს. ამაში კომპანია ,,ჯეოსეიფთის” დამფუძნებელი გუგა გრიგოლია დაგვეხმარა.
,,შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოვალეობაა გამოავლინოს ყველა საფრთხე დროულად, შეაფასოს რისკი და დანერგოს რისკის კონტროლის მექანიზმები. ასევე, შექმნას შრომის უსაფრთხოების გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა იხელმნძღვანელოს კომპანიამ. მისი ფუნქციაა შრომის უსაფრთხოების სისტემაში ჩართოს თითოეული თანამშრომელი და გაანაწილოს მოვალეობები ისე, რომ სისტემამ ეფექტურად იმუშაოს კომპანიაში. ასევე გამოვლენილი რისკების საფუძველზე დაგეგმოს შესაბამისი ინსტრუქტაჟები და სწავლება, რომელთა მიხედვითაც გაიზრდება დასაქმებულების ცნობიერება და ასევე, მათ მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას, რაც მათ სამუშაო ადგილზე უსაფრთხოდ მუშაობას უზრუნველყოფს.
მისი მოვალეობაა არა მხოლოდ ინციდენტის პრევენციის უზრუნველყოფა, არამედ ისიც, რომ შეაფასოს გარემო ფაქტორები და იზრუნოს, რომ დროთა განმავლობაში სამუშაო პირობებიდან გამომდინარე არ ჩამოყალიბდეს პროფესიული დაავადებები, რომლებიც ხანგრძლივ პერიოდში ჩნდება არასტანდარტული მაჩვენებლების გამო (ხმაური, ტემპერატურა, ტენიანობა, ვიბრაცია, განათება, მტვერიანობა და ა.შ.). შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა ზუსტად უნდა იცოდეს ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა და რეგლამენტები, უნდა გააკეთოს მათი შესაბამისი ანალიზი, რათა კომპანიის საქმიანობა და დანერგილი დოკუმენტაცია მოიყვანოს თანხვედრაში კანონმდებლობასთან. ამასთანავე, ადევნოს თვალი კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს და მუდმივად განაახლოს დანერგილი სისტემა, თუკი ამას კანონდებლობა მოითხოვს. სპეციალისტი უნდა იყოს შუამავალი დამსაქამებელსა და დასაქმებულს შორის. მისი საქმიანობა უნდა იცავდეს ორივე მხარის ინტერესებს” – განაცხადა გუგა გრიგოლიამ ჩვენთან საუბრისას.