შრომის უსაფრთხოების მიმართულებით საწარმოო შემთხვევებისას დაზარალებულთა სტატისტიკა

დასაქმებულისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა და მათი შენარჩუნება აუცილებელი და ერთნაირად მნიშვნელოვანია ნებისმიერი ეკონომიკური სექტორისთვის. თუმცა, საქართველოში შრომითი უსაფრთხოების გაუმჯობესების საჭიროებაზე ყველაზე მკაფიოდ ალბათ საწარმოო სამუშაოების შესრულებისას დაღუპულთა და დაშავებულთა სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს. ამ  მონაცემებს შრომის უსაფრთხოების სტატისტიკას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ავრცელებს:

შრომის უსაფრთხოების სტატისტიკადაღუპულ მუშათა რაოდენობრივი მაჩვენებელი 2011 წლიდან 2018 წლამდე 40-60-ის ფარგლებში მერყეობდა (2013 წლის გამოკლებით). მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან 2017 წლის ჩათვლით დაშავებულთა მაჩვენებელი საგრძნობლად გაუმჯობესდა და ყოველ წელს მინიმუმ ორჯერ იყო შემცირებული. სტატისტიკურ მონაცემებს შესამჩნევი გაუარესება მხოლოდ 2018 წელს დაეტყო, სადაც დაღუპულთა მაქსიმალური რიცხვი, 59, დაფიქსირდა, ხოლო დაშავებულთა მაჩვენებელმა თითქმის 200-ს მიაღწია.

 

 

 

 

რა იწვევს ასეთ შედეგებს?

რამდენიმე წლის განმავლობაში დაშავებულთა და დაზარალებულთა მაჩვენებლის შედარებითი გაუმჯობესება განპირობებული იყო საქართველოს კანონმდებლობაში შრომითი უსაფრთხოების რეგულაციების გამკაცრებით, რაც უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს აღნიშნულის ეტაპობრივი განვითარებისა და დახვეწის მიზნით. რაც შეეხება ბოლო წლებში სტატისტიკური მონაცემების გაუარესებას, ეს რამდენიმე გარეშე ფაქტორს უნდა დავაბრალოთ, რომლებიც ბევრად მასშტაბურ პრობლემებს უკავშირდება, ვიდრე შრომითი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ზოგადი სტანდარტებია.

 

ეკონომიკური პრობლემები

სამშენებლო სამუშაოებით დაკავებულ პერსონალზე გაცემული საკმაოდ დაბალი ანაზღაურების გამო მუშათა უმრავლესობა ხშირად დღის განმავლობაში 17-18 საათის განმავლობაში მუშაობს. ასეთი გადატვირთული გრაფიკი, რა თქმა უნდა, უარყოფითად მოქმედებს მათი დაშავების რისკებზე. ისინი ვეღარ ახერხებენ სათანადო მობილიზებას სარისკო სამუშაოების შესრულებისას, რაც სავალალო შემთხვევების მაჩვენებელს ზრდის.

ამას გარდა, აღსანიშნავია ინსპექციის დეპარტამენტში კადრების ნაკლებობაც. 2019 წლის მარტის მონაცემებით, ინსპექტორთა რაოდენობა 40-ს არ აღემატებოდა მაშინ, როცა კაკი ზოიძის თქმით, საჭიროა ამ რიცხვის მინიმუმ გაორმაგება. კოტე ერისთავი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, დამატებით აღნიშნავს, რომ აუცილებელია იმის დადგენა, თუ რამდენი და როგორი ინსპექტორია საჭირო სხვადასხვა ობიექტებისთვის, რის მიხედვითად უნდა გაიზარდოს მათი რაოდენობა და ამაღლდეს მათი კვალიფიკაცია გადამზადების შედეგად.

 

ცნობიერების დაბალი დონე

შრომითი უსაფრთხოების მხოლოდ კანონმდებლობითი ცვლილებების არაეფექტურობა ვლინდება დასაქმებულის დამოკიდებულებაშიც სამუშაო სივრცის მიმართ. მუშებს პირად მოვალეობად მიაჩნიათ იზრუნონ საკუთარ უსაფრთხოებაზე, რისი შედეგიცაა ის, რომ ისინი ადეკვატურ მოთხოვნებს ვერ უყენებენ დამსაქმებლებს. მცდარი შეხედულებაა, რომ მხოლოდ ერთ კონკრეტულ პირს ეკისრება პასუხისმგებლობა შრომითი უსაფრთხოების სისტემის გამართულობაზე. აუცილებელია, რომ როგორც დამსაქმებელმა, ისე დასაქმებულმა, გაითავისოს თავისი როლი უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნასა და შენარშუნებაში. მაქსიმალურად ეფექტური შედეგების მისაღებად ჩატარებულ ღონისძიებებში მონაწილეობას უნდა იღებდეს მთელი გუნდი.

შრომითი უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების დაბალი დონის შედეგია ისიც, რომ სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას არ არის ადეკვატური დრო გამოყოფილი სამუშაო პირობების უსაფრთხოების შეფასებისა და საჭირო პრევენციული ზომების მისარებად. შესაბამისად, ეფექტურად ვერ ხერხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების პრაქტიკაში გადმოტანა და აღსრულება.

 

სამშენებლო სამუშაოების ტიპი და სიხშირე

რაც შეეხება კონკრეტულად ბოლო წლებში საწარმოო შემთხვევებისას დაღუპულთა და დაზარალებულთა სტატისტიკური მაჩვენებლის გაუარესებას, აქ გასათვალისწინებელია მიმდინარე მშენებლობების რაოდენობრივი ზრდა. ქვეყნის განვითარების ჩქარი ტემპის შედეგად დაჩქარდა მშენებლობითი ხასიათის სამუშაოებიც, რამაც, თავის მხრივ, გავლენა იქონია სტატისტიკურ მონაცემებზე: დიდი რაოდენობის მშენებლობა უფრო მეტი მუშის დასაქმებას და, შესაბამისად, მეტ პოტენციურ ინციდენტს გულისხმობს.

ამას გარდა, შეცვლილია თავად მშენებლობითი სამუშაოების ტიპიც. თუ აქამდე მუშებს ძირითადად ხუთ და ექვს სართულიან ნაგებობებზე უწევდათ მუშაობა, უფრო მასშტაბური პროექტების წამოწყებამ დამატებითი რისკები გააჩინა. დასაქმებულებს აქამდე არ ჰქონიათ ასეთ სიმაღლეებზე მუშაობის გამოცდილება, რასაც ახლა ეჩვევიან და სწავლობენ, ეს პროცესი კი გარკვეულ დროს და პროფესიული კუთხით დამატებით გადამზადებას საჭიროებს.

საჭიროა რეაგირება ყველა მხრიდან

უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ორგანოები და კერძო კომპანიები აქტიურად მუშაობენ შრომით უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრაზე, რაზეც მეტყველებს არა მხოლოდ კანონმდებლობითი ცვლილებები, არამედ ის ფაქტიც, რომ უკვე 600-მდე ობიექტია ინსპექტირებული ჯანდაცვის კომპანიების მიერ და ისინი აგრძელებენ სხვა ობიექტების შემოწმებასაც. იმისათვის, რომ მიმდინარე პროცესებმა დადებითი შედეგი რაც შეიძლება მოკლე ვადაში და მაქსიმალურად ეფექტურად გამოიღოს, აუცილებელია აღნიშნულზე ადეკვატური რეაგირება არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ დამსაქმებლების, დასაქმებულებისა და შრომის უსაფრთხოების დაცვის კერძო კომპანიების მიერაც.