შრომის უსაფრთხოება – რა ხარვეზებია ამ მიმართულებით და რატომ უნდა ჰყავდეს კომპანიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ? ამ საკითზე რადიო კომერსანტს კომპანია GeoSafety-ს დამფუძნებელი კახა დათიაშვილი ესაუბრა.

შრომის უსაფრთხოების პოლიტიკაზე საუბარი პირველ რიგში, დამსაქმებლისა და დასაქმებულის ცნობიერების ამაღლების საჭიროებით უნდა დავიწყოთ. საჭიროა ამ მიმართულებებით სწავლებები, ყველა კომპანიამ უნდა შექმნას შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც იხელმძღვანელებენ, როგორ და რანაირად უნდა მოიქცნენ, კონკრეტული რისკის შემცველ სიტუაციაში. სახელმწიფოდან ამ მიმართულებით კერძო სექტორის კონტროლი ნამდვილად ხდება, უბრალოდ, კერძო სექტორს მოსამზადებლად დრო სჭირდება. სამწუხაროდ, ბაზარზე სპეციალისტების ნაკლებობა გვაქვს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესია არ გულისხმობს მხოლოდ ცოდნას ჩაფხუტის დაფარების შესახებ, აქ საუბარია, მთელ რიგ დოკუმენტაციის მომზადებაზე, რისკების გაანალიზებაზე.

იანვრიდან უკვე დამტკიცდა ის აკრედიტებული კომპანიები, რომლებიც დაიწყებენ ამ დარგის სპეციალისტების გადამზადებასა და სწავლებას. განათლების სფეროში, ამ მიმართულებით აუცილებელია პრაქტიკული ნაწილის დამატება. საერთაშორისო პროექტებში ნამუშევარ სპეციალისტებსაც კომპანიებთან მუშაობის პროცესში უწევთ ქართულ კანონმდებლობასთან მორგება, რაც გარკვეული სახის პრობლემებს ქმნის.

ყველა მძიმე და საშიში პირობების მქონე სამუშაოზე კომპანიებს უნდა ჰყავდეთ კვალიფიციური კადრი. ამას უკვე კერძო სექტორს კანონი ავალდებულებს. თუ ასზე მეტი ადამიანია დასაქმებული მსგავსი ტიპის სამუშაოზე, მაშინ კომპანიამ უნდა იზრუნოს სამსახურის შექმნაზე, სადაც მინიმუმ ორი სპეციალისტი ეყოლება.

კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს კადრების კონტროლი დამსაქმებლის მხრიდან, რაც ძალიან რთულია. დამსაქმებელი ხშირად, ვერ აკონტროლებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს, არადა ბუნებრივია, რომ მასაც სჭირდება კონტროლი. მეორე მხრივ, დასაქმებულებს არ აქვთ შესაბამისი ცნობიერება, გაერკვიონ სპეციალისტის საქმიანობაში. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, საჭიროა დამსაქმებელი ჩაერთოს ამ სისტემაში და აკონტროლოს სპეციალისტის საქმიანობა.

დამსაქმებლისთვის პერსონალის უსაფრთხოება უნდა იყოს პრიორიტეტი. ერთი ინციდენტსაც კი შეუძლია კომპანიის დაღუპვა. ეს ფაქტი, როგორც მორალურ, ისე მატერიალურ ზიანს მიაყენებს მას, რაც რა თქმა უნდა, რეპუტაციაზე იმოქმედებს. ამდენად, დამსაქმებელმა მთავარ პრიორიტეტად პერსონალის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უნდა განსაზღვროს. თუ დამსაქმებლისთვის ეს იქნება მეორეხარისხოვანი, ან ზედმეტ ხარჯად ჩათვლის, ვერასდროს მივალთ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ეს პრობლემა იყოს აღმოფხვრილი.

ჩვენი კომპანია 70-მდე კომპანიას ემსახურება, ვატარებთ რეგულარულ სწავლებებს, ვგეგმავთ ასევე პროექტს, რომელშიც ჩართული იქნება 50 კომპანიის პერსონალი და მოვახდენთ მათ სწავლებას სრულიად უფასოდ. ყველა კომპანიას სურს, რომ დაცული იყოს შრომის უსაფრთხოება, უბრალოდ, ზოგიერთმა მათგანმა არ იცის, როგორი სახით უნდა გააკეთოს ეს. სპეციალისტები ამ მიმართულებით ბევრნი არ არიან. უნდა ითქვას, რომ ჩვენთან ურთიერთობით კომპანიები კმაყოფილები არიან, რადგან ეს პრობლემა მათი დღის წერიგიდან მოხსნილია, – ამბობს კახა დათიაშვილი.

წყარო: კომერსანტი