შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის საკონსულტაციო კომპანიის „ჯეოსეიფთის“ დამფუძნებლები მიიჩნევენ, რომ საქართველოში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების კუთხით მნიშვნელოვანი დეფიციტია, ასევე არსებული სპეციალისტების კვალიფიკაცია გარკვეულწილად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

აღნიშნულ საკითხებზე კომპანია „ჯეოსეიფთის“ დამფუძნებელმა, კახა დათიაშვილმა და გუგა გრიგოლიამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ ისაუბრეს. გადაცემაში ქართულ კომპანიებში შრომის უსაფრთხოების სისტემის გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ კომპანიაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ე.წ. შრომის უსაფრთხოების ინჟინრის არსებობა პირველი სექტემბრიდან ეკონომიკური საქმიანობის ნებისმიერ სფეროში მოქმედი კომპანიისთვის სავალდებულო ხდება. კანონი ამ ვალდებულებას მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან მხოლოდ მომეტებული რისკის მქონე საწარმოებს აკისრებდა.

„ამ ეტაპზე კომპანიაში შრომის ინჟინრის მოვალეობა შრომის უსაფრთხოების პოლიტიკისა და გეგმის შექმნაა, სადაც ასახული იქნება თითოეული სტრუქტურის პასუხისმგებლობა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სისტემაზე. მან ასევე შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების კუთხით არსებული რისკების შეფასების ერთიანი დოკუმენტი უნდა შეიმუშაოს და პრევენციის ღონისძიებები მოიფიქროს. რისკების შესაბამისად უნდა შექმნას სწავლების გეგმა და პერიოდულად დასაქმებულებს სწავლება ჩაუტაროს. ამ შემთხვევაში, ძალიან მწირია იმ სპეციალისტების რაოდენობა, ვინც ამ ყველაფერს ჯეროვნად და ხარისხიანად გააკეთებს“, – განმარტა კახა დათიაშვილმა.

ჯეოსეიფთის“ დამფუძნებლებმა ასევე აღნიშნეს, რომ იმ მცირე რაოდენობის სპეციალისტების სერტიფიცირებაც გარკვეულწილად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

შრომის უსაფრთხოების სასწავლო კურსი არის ორგვარი: ქართული და საერთაშორისო. საერთაშორისო კურსი სულ რამდენიმე დღიანია და მხოლოდ სასკოლო კურსისგან შედგება, პრაქტიკულ მეცადინეობას არ შეიცავს. ამ კურსის გავლის შემდეგ, სერტიფიცირებულ ადამიანს ნებისმიერ სფეროში მუშაობის უფლება ეძლევა. ჩემი აზრით, რამდენიმე დღიანი სასკოლო კურსი არ არის საკმარისი, რომ პირს პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტი დაერქვას. შეიძლება, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, იმ რამდენიმე ფატალური ინციდენტისა რაც ქვეყნაში ხდება. ქართული სერტიფიკატის შემთხვევაში, კურსი თვენახევრით განისაზღვრება და პრაქტიკული მეცადინეობა ასე თუ ისე, კეთდება. საწარმო ობიექტზე გადიან და უშუალოდ იქ იღებენ მითითებებს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს მაღალი ხარისხისაა“, – განმარტა გუგა გრიგოლიამ.

ჯეოსეიფთის“ დამფუძნებლების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ბიზნესს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ყოლის ვალდებულება პირველი სექტემბრიდან ექნება, მისმა ნაწილმა ამის შესახებ არაფერი იცის.

„ხშირად ჩვენ ვახდენთ ბიზნესის ინფორმირებას იმ კანონის შესახებ, რომელიც ფაქტობრივად, პირველი იანვრიდან მოქმედებს და პირველი სექტემბრიდან ყველა ეკონომიკურ საქმიანობაზე გავრცელდება. არ იციან არაფერი“, – განაცხადა კახა დათიაშვილმა „ბიზნესპარტნიორში“.

სტატიის ლინკი (საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი – www.1tv.ge)